პატიმრობა შეეფარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლაშა ცანავას, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით 29 ივლისს დააკავა. სუს-ის განცხადებით, ლაშა ცანავა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულს „მოტყუებით დაეუფლა“.
მათი მტკიცებით, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. ამ თანხის ნაწილი 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის მოქალაქემ მის ანგარიშზე ჩარიცხა.
ლაშა ცანავამ პირველ აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დაკავების შემდეგ, სუს-ში განუცხადეს, რომ გაათავისუფლებდნენ, თუკი, მის თანაგუნდელს, ლევან ხაბეიშვილს ფარულად ჩაიწერდა.
მის სიტყვას საქალაქო სასამართლოდან საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს:
“გასაგებია, რატომაც დამაკავეს. “მოდულის” შენობაში ორი დიდი თანამდებობის პირი მოვიდა და მესაუბრა. შემომთავაზეს თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის – ს ყველა ნაბიჯის ჩაწერა, სად მიდის, ვის ელაპარაკებაო. მე ლევანის უახლოესი გარემოცვა ვარ. მათი[სუს-ის] სულ უფროსი, ლევანის ბევრჯერ უხსენებია, ოხანაშვილზეა საუბარი, ლევანზე გამწარებული, უნდოდათ ჩემი ხელით ჩამეწერა, მესმინა, მეთანამშრომლა. ასეთ რაღაცას ცხოვრებაში არ გავაკეთებ. ჩემთვის კაცობა და ერთგულებაა პირველი”, – განაცხადა ლაშა ცანავამ.
ლაშა ტყეშელაძე, ლაშა ცანავას ადვოკატი, სხდომის დაწყებამდე ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული:
“თუკი ლაშა ცანავა დამნაშავეა, მაშინ ყველა ის ათეულობით მოქალაქე დამნაშავეა, რომელიც იუსტიციის სახლთან სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მოქალაქეებს. საქმის მასალებიდანაც ჩანს, რომ სუს-მა ლაშა ცანავა ამოიღო მიზანში, შეუკერა საქმე და საქმის მასალებში პირდაპირ ჩანს, რომ აქ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ არ მოვითხოვთ გირაოს ან სხვა რაიმე ალტერნატივას. სასამართლომ ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს“.
როგორც სასამართლო სხდომაზე მყოფი „ინტერპრესნიუსის “ჟურნალისტი იტყობინება, პროკურორმა გიორგი კავსაძემ შუამდგომლობაში განმარტა, რომ ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს “ვოთსაფის” მეშვეობით დაუკავშირდა და განუმარტა, რომ ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის საფასური 5 600 დოლარი იქნებოდა.
პროკურორის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ყაზბეგის გამზირზე მდებარე “ ბანკიდან” ცანავას ანგარიშზე 150 დოლარი გადაურიცხა, რაც მითითებულ თანხას გამოაკლდებოდა, შემდეგ კი თანხის ნაწილი გადასცა.
პროკურორის თქმით, საქმეში დევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.
„ცანავა იკვეხნიდა გავლენიანი მეგობრებით და როგორი ცინიკურიც არ უნდა იყოს, ის საკუთარ ანგარიშებს იყენებდა”, – თქვა გიორგი კავსაძემ სასამართლოს სხდომაზე. ის არ გამორიცხავს, რომ დანაშაულში შესაძლოა, ჩართული იყვნენ სხვა პირებიც.
ლაშა ცანავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 სექტემბერს გაიმართება.
ფორუმი