პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც აღიარა, რომ ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაეხმარა

მოქალაქე შოთა ქარუმიძეს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
48 წლის ქარუმიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებას. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას 3-დან 5 წლამდე.
ქარუმიძე წარდგენილ ბრალს აღიარებს. ადვოკატმა გამოძიების დასრულებამდე მისი გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა. თავად ქარუმიძემ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვა.
“დედაჩემი არის ძალიან ცუდად. ნახევრად ინვალიდია. მაგასაც ხომ გაითვალისიწნებთ?! უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ერთადერთი მაგის თქმა მინდა. დანარჩენი – თანამშრომლობით ვითანამშრომლებ. რომ არ მდომოდა თანამშრომლობა დუმილის უფლებას გამოვიყენებდი”, – მიმართა მან მოსამართლეს, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ირაკლი ხუსკივაძე ის პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურის ვერსიით, შოთა ქარუმიძე გიორგი ბაჩიაშვილმა საერთო ნაცნობის მეშვეობით, 2024 წლის დეკემბერში გაიცნო. ისინი შეთანხმდნენ, რომ მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ ქარუმიძე ბაჩიაშვილს დაეხმარებოდა. ბაჩიაშვილმა ქარუმიძეს გადასცა მობილური ტელეფონი, რომელიც ამ უკანასკნელს მხოლოდ მასთან კომუნიკაციისთვის უნდა გამოეყენებინა.
შოთა ქარუმიძემ ბაჩიაშვილისგან მიღებული თანხით იყიდა ავტომობილი და ბაჩიაშვილივე დავალებით, “საზღვრის კვეთის ისტორიის შესაქმნელად”, პერიოდულად გადადიოდა სომხეთში. გარდა ამისა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გასვლის პროცედურების შესასწავლად, ბაჩიაშვილმა მას მანქანის წინა და უკანა საქარე მინებზე დაამონტაჟებინა ვიდეორეგისტრატორი.
ბაჩიაშვილის მითითებით, ქარუმიძემ 2025 წლის 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით პერიოდში მანქანა დატოვა წინასწარ შეთანხმებულ მისამართზე. გამოძიბეის ვერსიით, ამ პერიოდში, ბაჩიაშვილმა მანქანის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის არსებულ სივრცეში მოაწყო სამალავი.
2 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქარუმიძემ მიაკითხა მანქანას, შემდეგ შეხვდა ბაჩიაშვილს და ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრისკენ. სოფელ სადახლოსთან, ბაჩიაშვილი დაიმალა წიანასწარ მოწყობილ სამალავში და ისე გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ბაჩიაშვილი გამოვიდა სამალავიდან და ფეხით გააგრძელა გზა სომხეთის საზღვრისკენ. საზღვარი მან ს პასპორტით გადაკვეთა.
მას შემდეგ რაც სომხეთის საზღვარი ქარუმიძემაც გადაკვეთა, მათ გააგრძელეს გზა აეროპორტისკენ. სწორედ აეროპორტში დაემშვიდობნენ ისინი ერთმანეთს. პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილმა ქარუმიძეს გადასცა 30 000 ამერიკული დოლარი და გამოართვა საკომუნიკაციო ტელეფონი.
ამის შემდგე, 3 მარტს ქარუმიძე იმავე მანქანით ქვეყააში დაბრუნდა. თუმცა, როგორც პროკურატურა ამბობს, მან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნიდან გაქცევა განიზრახა. ის სარფში სწორედ მაშინ დააკავეს, როცა თურქეთში გადასვლას გეგმავდა.
გარდა ამისა, სასამართლოზე აღინიშნა რომ ქარუმიძე აქამდეც ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის. პროკურორმა განმარტა, რომ არსებობს როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენისა და სავარაუდო მოწმეებზე ზეწოლის რისკები. სწორედ ამ საფუძვლებით ითხოვდა ბრალდების მხარე ქარუმიძის პატიმრობას.
ამავე თემაზე:
· აღწერს გზას, თუ როგორ დატოვა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო