პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ხელმეორედ დაიბარეს – ამჯერად დისტანციური ჩართვით – ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია. იგი კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე უკვე არის პატიმრობაში. პარტიის თქმით, გვარამია არც ამჯერად აპირებს გამოცხადებას.
„ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას“, – წერს პარტია „ახალი“ და კომისიიდან მიღებულ წერილს ასაჯაროვებს.
წერილში კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ნიკა გვარამის სწერს, რომ კომისია ითხოვს მისგან „ახსნა-განმარტების მიცემას 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“ და 30 ივნისს, დილის ცხრა საათზე იწვევს კომისიის სხდომაზე „ჩართვის მეშვეობით“.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია – არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას“, – წერს პარტია „ახალი“ ფეისბუკზე.
გვარამის მსგავსად, ამავე საქმეზე – კომისიაში გამოუცხადებლობის და შემდეგ გირაოს გადაუხდელობის ბრალდებით – დაკავებულია მისი კოლეგა, „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელიაც.
პატიმრობაშია ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
„თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწოლეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ“, – წერს პარტია.
„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე, გვარამიას გარდა, კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები:
· „ლელო“/„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე (ხაზარაძე აქამდეც იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა და გირაო გადაიხადა);
· პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია. გახარია კომისიაზე 14 აპრილს გამოცხადდა, რის გამოც ოპოზიციური პარტიების კრიტიკა დაიმსახურა. ამასთან, გახარია პროკურატურაშიც არის დაბარებული
ფორუმი
