პატიმრობაში მყოფი ამაღლობელი მეორედ დააჯარიმეს – ამჯერად 1000 ლარით

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, – რომელიც 149 დღეა პატიმრობაშია და ერთხელ უკვე იყო დაკავების ღამით სტიკერის გაკვრის ეპიზოდთან დაკავშირებით დაჯარიმებული, – ამჯერად 1000 ლარით დააჯარიმეს.
18 ივნისს ს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელს 1000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. ამაღლობელი ამჯერად სხდომას არ დასწრებია.
მზია ამაღლობელმა 2025 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობის კედელს მიაკრა სტიკერი: „იფიცება საქართველო“.
ამის შემდეგ ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გამოუშვეს, შემდეგ კი პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო, სისხლის სამართლის წესით – „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით.
დაკავებიდან ხუთიოდე კვირის თავზე, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა პოლიციელის „კანონიერ მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობის გამო.