პატიმრები და ადვოკატები ციხეში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე საუბრობენ

პატიმრები და ადვოკატები ციხეში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე საუბრობენ.
ისინი სახალხო დამცველს მიმართავენ, რომ ამ საკითხით დაინტერსდეს.
როგორც სინდისის ერთ-ერთი პატიმარი, გიორგი ახობაძე ციხიდან წერს, პატიმრები ვენტილატორის ყიდვასაც ვერ ახერხებენ, რადგან ციხის მაღაზიაში არ იყიდება.
„ლარიოკის” (ციხის მაღაზიის) უფროსი მოიკითხეთ, ცოცხალია? უკვე დიდი ხანია ვითხოვთ ვენტილატორის შემოტანას მაღაზიაში, წარმოუდგენელი სიცხეა, ვიხრჩობით ფაქტიურად ამ კოლოფებში, შეუძლებელია ღამე ძილი. ორი კვირის განმავლობაში რანაირად შეიძლება ვენტილატორი ვერ მიეწოდებოდეს მაღაზიას.
საქართველოს სახალხო დამცველი,იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება“, – აცხადებს გიორგი ახობაძე.
ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ციხეში ასეთი პირობები არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.
„ყურადღება სჭირდება გიორგი ახობაძის თხოვნას. ეს არ არის მხოლოდ გიორგის პრობლემა. ციხეებში ძალიან ცხელა. არა თუ საკნებში, შეხვედრის ოთახებშიც კი გაუსაძლისია რამდენიმე საათით ყოფნა. ჰაერი არ არის, სუნთქვა გიჭირს. ოთხი კედელი, დახურული ოთახი და არანაირი საჰაერო.
ასეთ სიცხეში არაადამიანური პირობები, როცა პატიმარი დღეების განმავლობაში დაძინებასაც ვერ ახერხებს, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას. საქართველოს სახალხო დამცველი, მაღაზიიდან ნივთების ციხემდე მიტანის პროცედურა მაინც დააჩქარებინეთ, ბატონო ლევან“, – აცხადებს თორნიკე მიგინეიშვილი.
იუსტიციის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ციხეში გაგრილების სისტემა შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ციხის მაღაზიაშიც ხელმისაწვდომია ვენტილატორი. მათივე განცხადებით, მაღაზიაში ვენტილატორის შეტანაზე პასუხს სამინისტრო ვერ გასცემს, რადგან ამას თავად მაღაზია არეგულირებს.
· „ველოდი, ან იარაღს ჩამიდებდნენ ან ნარკოტიკს“ — რა თქვა გიორგი ახობაძემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას
· განხილვის დასასრულს, გიორგი ახობაძის მოსამართლე შეიცვალა
· ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული საქართველო ჩემთვის ციხეა, – ახობაძის წერილი ციხიდან