ევროპის საბჭოს ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა პატიმრების რაოდენობით 100 000 მოსახლეზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნები, მათ შორის, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი, საგრძნობლად მაღალი მაჩვენებლით არიან დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ანგარიში 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობას ასახავს.
ქვეყნების მაჩვენებლების შესადარებლად, მონაცემებს ითვლიან ყველა ქვეყანაში 100 000 სულ მოსახლეზე (იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მილიონს აჭარბებს), რადგან სხვა შემთხვევაში მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნების შედარება, თუნდაც საქართველოსთან ვერ მოხდება.
წინასწარი პატიმრობების ჩათვლით, საქართველოში პატიმრების რაოდენობამ 9 568 შეადგინა, 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით მაჩვენებლი – 256.1-ით განისაზღვრა.
საქართველოზე მეტი პატიმარი – თურქეთს ჰყავს.
ანგარიშის მიხედვით მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ხუთეულია: თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უნგრეთი.
ევროპის ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 124 პატიმარი იყო, მედიანური მაჩვენებელი კი უფრო დაბალი – 107 პატიმარი.