რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდის წევრები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე ის შესაძლოა ციხიდან გაეთავისუფლებინათ. “იუთუბზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში მარია პევჩიხი ამბობს, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ ნავალნი და რუსეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკის ორი მოქალაქე გერმანიაში დაკავებული რუსეთის უშიშროების ოფიცერ ვადიმ კრასიკოვში გაეცვალათ. ნავალნის გარდაცვალების დროისთვის, პევჩიხის თქმით, ეს მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზე იყო.
47 წლის რუსი ოპოზიციონერი არქტიკულ კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. კრემლი უარყოფს მის სიკვდილთან რაიმე კავშირს. გარდაცვალების ცნობის თანახმად, ის ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. “ნავალნი შესაძლოა მომდევნო დღეებში გათავისუფლებულიყო, რადგან მივიღეთ გადაწყვეტილება ამ გაცვლის თაობაზე. თებერვლის დასაწყისში პუტინმა “ეფ-ეს-ბეს” ოფიცრის ვადიმ კრასკოვის გაცვლა მოითხოვა, რომელიც ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.
კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი 2019 წელს საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ხანგოშვილის მკვლელობისთვის. პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში მიანიშნა, რომ მას სურს კრასიკოვის რუსეთში დაბრუნება.
ნავალნის გუნდის წევრი ამბობს, რომ 15 თებერვლის საღამოს უკვე იცოდა, რომ გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულლებული იყო. მისი აზრით, “პუტინმა ნავალნი მეორე დღესვე სწორედ იმის გამო მოკლა, რომ მისი გათავისუფლების იდეას ვერ შეეგუებოდა”.
პევჩიხს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვინ იყო ამ ინფორმაციის წყარო, მაგრამ თქვა, რომ ზოგიერთ მოლლაპარაკებაში რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩიც იყო ჩართული. აბრამოვიჩი ამ განცხადებას არ გამოხმაურებია.