პატელი: “აშშ-ის ერთგულება ქართველი ხალხისა და მისი მისწრაფებების მიმართ აბსოლუტურად ურყევია”

„ამერიკის მთავრობა დგამს ამ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლების იმ ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების და ყალბი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანების ნორმებს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ვედანტ პატელმა, ოთხშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ს 31 ივლისისი განცხადების თანახმად, ვაშინგტონი საქართველოს მთავრობას პირდაპირ დახმარებას – 95 მილიონ დოლარს უჩერებს.
ვედანტ პატელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 % მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.
„მაგრამ, საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის, თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებით, აშორებს ქვეყანას თავისივე მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობისთვის იმის მოწოდებას, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას, უცხოური გავლენის კანონის გაუქმებით, სხვა პრობლემური კანონმდებლობის უკან წაღებით, თავისი დეზინფორმაციის კამპანიის დასრულებით და არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირველობის უზრუნველყოფით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის მუშაობის უფლების მიცემით. ეს ქმედებები იქნება შესაბამისი იმის, რომ როგორც დემოკრატიულმა პარტნიორმა, მიიღონ მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან”, – ამბობს პრეს-სპიკერის მოადგილე.
ვედანტ პატელი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ორმხრივ ურთიერტობებში არსებული სირთულეებისა, ამერიკა არ წყვეტს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
“მიუხედავად იმისა, რომ [ჩვენი] ორმხრივი კავშირები ახლა უნიკალური გამოწვევის წინაშეა, შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხისა და მისი მისწრაფებების მიმართ აბსოლუტურად ურყევია. ჩვენ განვაგრძობთ იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც დაეხმარება ქართველ ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკის გაძლიერებით”, – განმარტავს ვედანტ პატელი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილე.
პატელმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერტობების გადახედვა კვლავ გრძელდება და სახელმწიფო დეპარტამენტი მზადაა გადადგას დამატებითი თუ შესაბამისი ნაბიჯები, თუ საჭირო გახდება. მისი განმარტებით, ურთიერთობის გადახედვის პროცესში, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა “დახმარების პროგრამები შეიცვალოს ან რესურსები გადამისამართდეს იმ არასამთავრობო გაერთიანებებთან, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ სექტორში მუშაობენ”.
საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ, სახელწმიფო დეპარტამენტმა, მდივან ენტონი ბლინკენის განცხადება დღეს, 31 ივლისს გაავრცელა.
დღესვე გასაჯაროვდა ჰელსინკის კომისიის მიმართვა სახელმწიფო მდივნისადმი, რომელიც 26 ივლისით არის დათარიღებული. ამერიკის კონგრესის ორპარტიულმა კომისიამ, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს და რომლის თავმჯდომარეც “მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონია, სახელმწიფო დეპარტამენტს ს სანქცირებისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ