“პასუხს ვაგებინებთ” – არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, ივანიშვილი ისევ ენმ-ის აკრძალვაზე საუბრობს

ქართული ოცნების დამფუძნებელმა ქუთაისში მოსახლეობას მიმართა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, ისევ ნაციონალური მოძრაობის გასამართლებასა და “გლობალური ომის პარტიაზე” ისაუბრა.
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ივანიშვილის რიტორიკა არც შემაჯამებელ შეხვედრაზე შეცვლილა და სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ს მიერ საქართველოზე თავდასხმაში კვლავ მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა.

“იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო! საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს!
ამას გარდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს”, – თქვა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის და ჰომოფობიური კანონის მიღებით დაიმსახურა და რამაც ხელისუფლების მაღალჩინოსნების სანქცირება, დახმარებების შეჩერება და კანდიდატის სტატუსის შეჩერება გამოიწვია, ივანიშვილი ამბობს, რომ “კოლექტიური ნაცმოძრაობა ზიანს აყენებს საქართველოს, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით”.
ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაზე საუბრის შემდეგ, ივანიშვილმა თქვა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის მერე “ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში”.

“ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავაშენე სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, მოქალაქის ღირსებას ეფუძნება, განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა ტიპის კუთვნილებისა… გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი, ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში”, – განაცხადა ივანიშვილმა.