პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, არის თუ არა საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციისას კონკურენციის შეზღუდვა – ირაკლი ლექვინაძე

„2024 წელს პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, არის თუ არა საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციისას კონკურენციის შეზღუდვა“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2 ბანკის მონიტორინგი განხორციელდა. მათ შორის ერთი იყო სადაზღვევო პროდუქტების საბანკო სექტორში რეალიზაციის ბაზარი. რომლის შემდეგაც სააგენტომ 6 რეკომენდაცია გასცა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბაზრის კონკურენტუნარიანობას.
„ჩვენ შეფასებით იქ არის გარკვეული საკითხები, რაც ითხოვს ყურადღებას, ამ მიზნით ჩვენ 6 რეკომენდაცია გავეცით, რომლებიც გადაცემულია შესაბამის მარეგულირებლისთვის და ეს არის საქართველოს ეროვნულ ბანკი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებზეც იქნება მსჯელობა 2024 წელს. ეს არის საკითხები, რამაც პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვას – არის თუ არა რეალურად კონკურენციის შეზღუდვა საბანკო დაწესებულებებში, როდესაც ხდება სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაცია. ეს კითხვები არის, სადაზღვევო სექტორს აქვს მათ შორის. იმედია, გარკვეული რეგულაციები ხელს შეუწყობს ბაზრის კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეგახსენეთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბანკო დაზღვევის – კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი 2023 წლის ნოემბერში დაასრულა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახილველად სავალდებულო 6 რეკომენდაცია გასცა.
უწყების შეფასებით, 2020-2022 წლებში, საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას ახორციელებდა 15 კომერციული ბანკი. 10 კომერციული ბანკის შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტებთან ერთად ფიქსირდება სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებაც, მათ შორის 2 უმსხვილესი კომერციული ბანკის საერთო საბაზრო წილი განსახილველ პერიოდში იყო სტაბილურად მაღალი და ინდივიდუალურ დონეზე გააჩნდა სტაბილური პროცენტული მაჩვენებელი.
ამასთან, 1 ეკონომიკური აგენტის შემთხვევაში საბაზრო წილი აღემატება 40%-ს და შესაბამისად სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ხოლო დამატებით 1 ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი გადის დომინანტური მდგომარეობის ზღვარზე.
სააგენტოს პოზიციით – კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების” არსებობისას, შესაძლოა სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი.