პარტნიორებს ვუთხარი, ვეტოს პროცედურისას შესაძლებელია პოზიციების შეჯერება – კობახიძე

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მან რუსულ კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს უთხრა, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები.
მან მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბოლო ტენდენციები “კარგია” და “კონსტრუქციულობის ელემენტებს” ხედავს.
“მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს. მათ შორის, ბოლო შეხვედრების შემდეგ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს – ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება, იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
აქ უკვე, პრინციპში, ჩვენი პარტნიორები, იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. თქვენ იცით, ვეტო როცა შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე, მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის. დისკუსიისთვის ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა.
ბოლო ტედენციები რაც არის, არის კაერგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს, თუ მანამდე იყო მხოლოდ ზოგადი განცხადებები, რომ კანონი არ ვარგა, ახლა უკვე ვხედავთ მეტ მზაობას, გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ კონკრეტულ განხილვაში კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით”, – ამბობს .
TV იმედის კითხვაზე, რამდენად ძირეული ცვლილებებისთვის არის მზად ქართული ოცნება – მაგალითად, თუ შეიძლება კანონის დასახელებაზე ან ორგანიზაციის სტატუსზე წავიდეს დისკუსია.
“წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით. რაც შეეხება სახელს, საპარლამენტო უმრავლესობამ I-II მოსმენის დროს შესთავაზა ოპოზიციას, სახელთან დაკავშირებით ცვლილება, თუ ისინი დაუჭერდნენ მხარს კანონპროექტს, რაზეც მივიღეთ უარი. ეს შეთავაზება უკვე გაკეთდა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რაზე შეიძლება შემოვიდეს შენიშვნა, იმიტომ, რომ ერთადერთ რამეს ითვალისწინებს ეს კანონი, დანარჩენი ტექნიკური რეგულაციებია.
ერთადერთი მოთხოვნაა, რომ წელიწადში ერთხელ ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს დეკლარაცია, ეს იმდენად მარტივი საკითხია და იმდენად შეუძლებელია ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება, რომ ეს კარგია… შეუძლებელია, გამჭვირვალობა იყოს ცუდი და შეუძლებელია, უფრო მეტიც, კარგი არ იყოს, როდესაც ორგანიზაციები წელიწადში ერთხელ წარადგენენ დეკლარაციას.
გამჭვირვალობა არის ერთერთი უმთავრესი ევროპული პრინციპი და ღირებულება, ამაზე შეუძლებელია რაიმე შენიშვნა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ რავიცი, დაველოდოთ, ვნახოთ, რას გვეტყვიან ჩვენი პარტნიორები” – განაცხადა მ.
პრემიერის თქმით, “ნაცვლად ზოგადი განცხადებებისა”, ქართულ ოცნებას კანონთან დაკავშირებით “კონკრეტული შენიშვნების” მოსმენა სურს.
“ეს არის სამართლიანი, ღირსეული მიდგომა პარტნიორის მიმართ, ეს არის ის, რასაც ვითხოვთ.
როგორც კი მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ დისკუსიისთვის, ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის.
ამასთან დაკავშირებით მე მქონდა საუბარი მაგალითად შარლ მიშელთან და სხვებთან, როგორც კი მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ დისკუსიისთვის და უფრო მეტიც, მზად ვართ შენიშვნების გათვალისწინებისთვის, თუ იქნება ასეთი. დღემდე არცერთი რეალური სამართლებრივი შენიშვნა არ მოგვისმენია” – ამბობს კობახიძე.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
რუსულ კანონს იურიდიული კომიტეტი მესამე მოსმენით 13 მაისს განიხილავს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა. კანონის მიღების ბოლო თარიღად 17 მაისია გაწერილი, რის შემდეგაც ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
სალომე ზურაბიშვილი კანონზე ვეტოს დადებას აპირებს.