რვა პარტიის ფორმატში მყოფი პარტიები „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას დაპირისპირების შემდეგ განცხადებებს ავრცელებენ.
გუშინ, 28 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ.
ბოკუჩავამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც თამარ ჩერგოლეიშვილმა Facebook-ზე ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში მისი მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების გვერდიდან ბავშვების ფოტოები აიღო და მათი გამოყენებით საპასუხოდ შეურაცხყოფა მიაყენა. შემდგომში მან ბოდიში მოიხადა. ბოკუჩავას თქმით, ჩერგოლეიშვილის საქციელი ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ადამიანურ მორალს სცდება.
თინა ბოკუჩავას ამ განცხადებას უპასუხა თამარ ჩერგოლეიშვილმა. ჩერგოლეიშვილის თქმით, მორალურად და სისტემურად „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვისაც მიუღებელია, თუმცა ეროვნული ინტერესები გამო, კომპრომისზე მიდიოდნენ.
ამასთან, ჩერგოლეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რვა პარტიის ფორმატიდან დე ფაქტო ისედაც გასული იყო და მისთვის ბოკუჩავას „მუქარა“ გაუგებარია.
პარტიები, რომლებიც „რვიანის“ ფორმატში თანამშრომლობენ, ხაზს უსვამენ, ეს ფორმატი იმ პარტიებს შორის კოორდინაციას გულისხმობს, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობენ და რაიმე პოლიტიკური პლატფორმა ან გაერთიანება არაა.
პარტიები აცხადებენ, რომ „რვიანი“ ვერ დაიშლება და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?“, „დაგმობს თუ არა ჩერგოს ელენე ხოშტარია?“, „8-იანი იშლება?“ „ვერ შეუკვრიათ ერთობა“, „13-ში გასვლას აზრი აქვს?“, „რას იტყვის 8-იანის წევრი ელენე ხოშტარია, დაველოდოთ, აბა, რა ტაქტიკურ სვლას აირჩევს“… სირცხვილია მეგობრებო.
ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა. 8-იანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე.ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი.
ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი რაც ამას უშლის ხელს არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა.
Ps. 8-იანი ვერ დაიშლება იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე, იმედია ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. სხვა არაფერია 8-იანი“, – დაწერა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
„თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მისთვისაც მიუღებელია თამარ ჩერგოლეიშვილის საქციელი. მისი თქმით, ბრძოლა ერთ და ორ პარტიაზე, ჯგუფსა და ლიდერზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ თვითორგანიზებულ ერთობათა ერთობას წარმოადგენდეს, რომლის წევრებსაც საერთო მიზანი აკავშირებთ.
„თავისუფლების მოედნის” მთავარი ამოცანა წინააღმდეგობის გაძლიერება, მიტაცებული ძალაუფლებიდან “ოცნების” ჩამოცილება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა. როგორც აქამდე, ჩვენი ძალისხმევის უდიდესი ნაწილი სწორედ ამაზე იქნება მიმართული. ვფიქრობ, ამაში ჩვენ მნიშვნელოვანი და ღირებული წვლილის შეტანა შეგვიძლია.
რა გვაერთიანებს დანარჩენ შვიდ პარტიასთან? ამაზე პასუხი მარტივი და ნათელია: ის, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ რუსული ჰიბრიდული ომის “არჩევნებად” წოდებულ ოპერაციაში. ჩვენ არც საარჩევნო კოალიციაში ვართ და არც რაიმე ერთ პოლიტიკური გაერთიანებაში მათთან.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ბრძოლა ერთ და ორ პარტიაზე, ჯგუფსა და ლიდერზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ თვითორგანიზებულ ერთობათა ერთობას წარმოადგენდეს, რომლის წევრებსაც საერთო მიზანი აკავშირებთ. ამას სწორედ ამიტომ ვუჭერდი ყოველთვის მხარს – რომ ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსის შეცდომამ მთელი წინააღმდეგობა არ დააზიანოს. ცხადია, ჩემთვის მიუღებელია თამარ ჩერგოლეიშვილის გუშინდელი საქციელი“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის თქმით, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე საკმაოდ ითქვა და სჯობს, რომ პარტიებმა ამ საკითხზე მეტი დრო აღარ დაკარგონ და ისევ პროტესტზე და წინააღმდეგობაზე გადაერთონ.
„რაც შეეხება გუშინ რვიანის გარშემო ატეხილ ხმაურს, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მომხდარი ნამდვილად უსიამოვნო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, ეს არც თავად ქალბატონ ჩერგოლეიშვილს მოეწონა და როგორც ვიცი, მან ბოდიშიც მოიხადა.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, დღეის მდგომარეობით „რვიანი“ წარმოადგენს მხოლოდ არჩევნებში არ მონაწილე პარტიების კოორდინაციას. დანარჩენ საკითხებზე თითოეული პარტია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე და რეპუტაციაზე.
ვფიქრობ, საკმაოდ ითქვა უკვე ამ საკითხზე, მეტი დრო აღარ დავკარგოთ და სჯობს ისევ პროტესტზე და წინააღმდეგობაზე გადავერთოთ. 13 სექტემბერს უნდა შევუერთდეთ აქციას და დავიცვათ უვიზო და 4 ოქტომბერს ყველანი უნდა გავერთიანდეთ რუსთაველზე და დავიცვათ საქართველო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
