ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ.
OSCE/ODIHR წერს, რომ, მართალია, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და ვიზუალურ მასალას იყენებს.
“პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა თავისი პლატფორმების მეშვეობით სოციოეონომიკურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მათი წინასაარჩევნო გზავნილები უმეტესწილად ზოგად გეოპოლიტიკურ გარემოს უკავშირდება და მეტისმეტად განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და ვიზუალურ მასალას იყენებს. სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას ქართული ოცნება განასახიერებს, ომს კი – მათი ოპონენტები. ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმად მიიჩნევს და შიშობს, რომ მთავრობის პოლიტიკა შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რაც კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია”, – ვკითხულობთ OSCE/ODIHR-ის შუალედურ ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის ზოგიერთი ქმედება ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად წამოწყებულ ფინანსურ ინიციატივებად მიიჩნია.
“კანონი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სამართლიან პირობებს აწესებს. ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 27 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს; საარჩევნო სუბიექტთა უმრავლესობა კარდაკარ შემოვლის ღონისძიებებით, სოციალური ქსელში აქტიურობით, შეხვედრების და იშვიათად შედარებით ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებით არის დაკავებული. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა და სახელმწიფო უწყებების მიერ მართული დაშინების ტაქტიკის გამო, რომელიც მათი წინასაარჩევნო კამპანიებისა და, ასევე, ამომრჩეველთა წინააღმდეგ არის მიმართული.
ODIHR-ის მიერ წარსულში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად 2021 წელს საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, რაც მიზნად ისახავდა საარჩევნო კამპანიაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა მონაწილეობის რეგულაციების გაძლიერებას. არჩევნებამდე 60 დღით ადრე აკრძალულია ისეთი ახალი პროექტების წამოწყება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, მთავრობამ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი დიდი რაოდენობის ადამიანისთვის ფინანსური სტატუსი გაეუმჯობესებინა გადაწყვიტა, რაც ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად წამოწყებულ ფინანსურ ინიციატივებად მიიჩნია”, – წერია ანგარიშში.
OSCE/ODIHR აღნიშნავს, რომ პოლარიზაცია მედიაგარემოშიც შესამჩნევია. მათი თქმით, კომერციული სატელევიზიო არხები კვლავ ინფორმაციის გავრცელების უმთავრეს წყაროდ რჩებიან, საზოგადოებრივი მაუწყებელს კი შედარებით მცირე მაყურებელი ჰყავს. დამოუკიდებელი გაშუქების მთავარი წყარო მცირე ინტერნეტმაუწყებლობებია, რომელთა სამუშაო ძირითადად საერთაშორისო გრანტებზე არის დამოკიდებული.