პარტია „საქართველოსთვის” სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას მოითხოვს

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ს პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება მოითხოვა. მისი განცხადებით, 20 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა „ნაციონალური მოძრაობის” ხელახალი გაერთიანების გეგმას და მოსამართლეს ის არ გაუჩერებია. დაუშვილი სასამართლოს ქცევას კოდექსის დარღვევად აფასებს.
„სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ შეუვარდა სპეცრაზმით და დახურა იმ დროს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „იმედი“, გუშინ სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა ნაციონალური მოძრაობის ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს. სანაცვლოდ, სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაცია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილისვე დარბეული ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით”, – თქვა დაუშვილმა.
ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ახალი წლების შემდეგ მაინც).
გარდა ამისა, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია აცხადებს, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება: „ნუ აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის და მონაწილეობის უფლებას”.
პარტია „საქართველოსთვის” განცხადებას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი . ის გიორგი გახარიასა და მის თანამოაზრეებს საქართველოს პატრიოტების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.
„გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, ამიტომ პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი და არც ის იქნება გასაკვირი, რომ დასჯა უფრო მკაცრი მეთოდებით, თვალების დათხრა რომ მოითხოვონ ამ ადამიანებმა, მითუმეტეს ადამიანური თვალსაზრისით პატიმრის დაბადების დღეზე საქართველოში პატიმრის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების მოთხოვნა, რომელ ადამიანობაში, რომელ ქართულ ეთიკაში ჯდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები კრემლის ბრძანებას ასრულებენ ხოლმე პატრიოტების წინააღმდეგ, მათ შორის ახლაც რომ ჰქონდეთ საშუალება, შეიძლება თვალებიც დათხარონ მიხეილ სააკაშვილს და დაასახიჩრონ კიდეც, რადგან ეს არის მათი ხელწერა – პატრიოტების წინააღმდეგ ბრძოლა და მათ დავუჯერებთ, მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ აქვს საქართველოში ცხოვრების და პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, რაც არის კრემლის მთავარი ინსტრუქცია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს საშუალება ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კლინიკიდან სააკაშვილის გადაყვანისკენ მოწუდებას გამოეხმაურა თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი . „მიხეილ სააკაშვილი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ალბათ [მის ციხეში გადაყვანაზე] შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას”, – თქვა კალაძემ.
სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო დაბრუნებაზე 10 ნოემბერს ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია.
„გიდასტურებთ დასკვნებს [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მოხარული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – უთხრა ჟურნალისტებს ბრეგაძემ.
2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში”, სადაც დღემდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.