პარტია, რომელიც ქვეყანაში 90 000 ხმას ვერ აგროვებს, პარტია არ არის – ბექა დავითულიანი

5-ის ნაცვლად 2% – ოპოზიციის ნაწილი კვლავ საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტი პარტია მოხვდება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ეს სახელმწიფოს განვითარებისთვის უფრო მეტი დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ 5%-იან ბარიერში პრობლემას ვერ ხედავს.
განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. “ქართულ ოცნებაში” ღიად ამბობენ, რომ ბარიერი არ შეიცვლება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. უმრავლესობა ოპოზიციას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
პარტია “ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, “ახლა ცვლილებებისთვის ძალიან გვიანია”. მისივე შეფასებით, პარტიამ, რომელიც 90 000-ხმას ვერ აგროვებს, “სხვაგან უნდა სცადოს ბედი”.
“პარტია, რომელიც 90 000 ხმას ვერ აგროვებს ქვეყანაში, ის პარტია არ არის. წავიდეს და შესაბამის სფეროს მიხედოს. მეორე, მთელი ევროპის მასშტაბით, 3-იდან 5%-მდე ბარიერი და არსად ნულოვანი, როგორც ერთადერთი პარტია, რომელიც გამოეხმაურა ამ შეთავაზებას, ასეთი რამ ძალიან იშვიათ ქვეყნებშია. ახლა, ბოლო რამდენიმე თვეში, გადაწყობა ძალიან გვიანია. ყველას თავის გათვლა აქვს გაკეთებული, ყველას თავის ტაქტიკა აქვს შემუშავებული იმ საარჩევნო ბარიერის პირობებში, რომელიც გვაქვს. თუ რამის შეცვლა უნდოდათ, შარშან ჰქონდათ ამის შესაძლებლობა”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
პარტია “ხალხის ძალის ” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით ოპოზიცია ახლა მოწყალებას ითხოვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ერთი კაცით მაინც იყვნენ წარმოდგენილები.
“მოთხოვნა, რომ სურთ ბარიერის დაწევა, ნიშნავს იმას, რომ არათუ ხელისუფლებაში ვერ მოდიან, არამედ ოპოზიციაშიც ვერ მოდიან იმიტომ, რომ, 5%-იან ბარიერს თუ ვერ გადალახავ, ე.ი. ოპოზიციაშიც ვერ მოდიხარ. ახლა მოწყალებას ითხოვენ – იქნებ, თითო კაცი მაინც შემოგვიყვანოთ პარლამენტშიო. ვაშაძემ ყველას აჯობა, რადგან აეკიდა “ნაციონალურ მოძრაობას”. სავარაუდოდ, ათეულში ან თხუთმეტეულში ჩაწერენ და იმიტომ არის ახლა შედარებით მშვიდად. არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არის “ნაცმოძრაობის” ცალ-ცალკე კლასტერები. “ნაც ნაკლები, მით უკეთესი” (ანუ რაც ნაკლები ნაციონალი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი) – ეს დევიზი ყოველთვის იქნება წინასაარჩევნო კამპანიის დროს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ