პარტია „ლელო“ არის პოლიტიკური კლუბი, რომელიც მხოლოდ სატელევიზიო პლატფორმაზე არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ არანაირი ფული არ უშველის, როდესაც მათი სახეები გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი სალომე სამადაშვილი არიან.
„ლელოს“ აქვს ძირითადად ტელევიზიების იმედი, ამიტომ ეს არის პოლიტიკური კლუბი, რომელიც მხოლოდ სატელევიზიო პლატფორმაზე არსებობს. არის ორი ტელევიზია „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“, ერთს უხდის თვეში 200 000 ლარს, მეორეს 240 000 ლარს. 200 არის „ტვ პირველის“ და 240 არის „მთავარი არხის“. მთავარია ერთმანეთში არ იეჭვიანონ ამ ტელეკომპანიებმა. მთავარი გარიგების არსი მდგომარეობს იმაში, რომ „ლელო“ უფრო მეტად უნდა გაშუქდეს. ამის იმედი აქვს „ლელოს“. თუ დააკვირდებით მათ სარედაქციო პოლიტიკას, ნახავთ რომ დღეს „ლელო“ უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი. ეს იყო კეზერაშვილ-ხაზარაძის გარიგება. ამის საფასური არის „ლელოსთვის“ 440 000 ლარი. თუმცა, არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი და ა.შ. ასეთი სახეებით როგორ გინდა 5%-იანი ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, რაც ნაკლები სამადაშვილი და ასეთი სახეები იქნებიან შემდეგ პარლამენტში, მით უკეთესი. მათ შორის ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ უნდა იყოს დაწეული დაბლა საარჩევნო ბარიერი“, – აღნიშნა კობახიძემ.