საქართველოს პარლამენტი დღეს, 28 მაისს გეგმავს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რუსულ კანონთან დაკავშირებით. ეს მოხდება საკანონმდებლო ორგანოში, სადაც უკვე ონლაინ მედიას აკრძალული აქვს შესვლა, მათ შორის, აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
პარლამენტში შეზღუდულად არიან დაშვებული მხოლოდ ტელევიზიების გადამღები ჯგუფები, სხვა მედიებისთვის კი აკრძალვა მოქმედებს 8 აპრილიდან — იმ დღიდან, როცა პარლამენტის ბიუროზე რუსული კანონი გაიტანეს.
შესაბამისად, მედიის დიდ ნაწილს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონია იმ დღეებში, როცა პარლამენტი რუსულ კანონს განიხილავდა.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, „აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.“
თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აკრძალვის საბაბი გახდა ონლაინ მედიის წარმომადგენლების მხრიდან რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოხატული პროტესტი.
თითქმის ორი თვეა, მმართველი პარტიის მიერ დაბრუნებული რუსული კანონის გამო ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 27 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე. აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც თქვა, რომ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ კონკრეტულ პირებს, ასევე, გადაიხედება აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები. აშშ-ში ასევე ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ანტიდასავლურ კურსს, ქვეყანას გაუჩნდება შანსი, აშშ-თან მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლას და ა.შ.