„პარლამენტში მედიის შეზღუდვის აუცილებლობის საკითხი სასამართლომ უნდა შეაფასოს“ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, პარლამენტში მედიის შეზღუდვის აუცილებლობის საკითხი სასამართლომ უნდა შეაფასოს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
როგორც ომბურსმენმა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.
„ეს წესი ითვალისწინებს აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებას, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“, – განაცხადა იოსელიანმა.
ომბუდსმენის განმარტებით, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ჟურნალისტებისთვის დაწესებული ვალდებულება, შეწყვიტოს ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში.
“სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო მზღუდავი ღონისძიებების პროპორციულობის საკითხიც, შეფასებების გასაკეთებლად კი, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შექმნილი ზოგადი კონტექსტის გათვალისწინება. ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის წევრები, არ სტუმრობენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკასაც არ ეთანხმებიან. ამდენად, ჟურნალისტებს მათთვის სასურველი შეკითხვების დასმისა და მიღებული ინფორმაციის აუდიტორიისთვის მიწოდების შესაძლებლობა, გარკვეულ შემთხვევაში, მხოლოდ პარლამენტის ტერიტორიაზე შეუძლიათ. ჟურნალისტებისთვის მსგავსი შესაძლებლობის შენარჩუნება კრიტიკულად აუცილებელია, რათა შეასრულონ „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, რაც მედიის ფუნქციაა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ბოლო დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოთხოვნით რამდენიმე ჟურნალისტს შეუჩერეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა. ყველა პოლიტიკოსი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჟურნალისტები არ წყვეტენ ვიდეოგადაღებასა და მათთვის კითხვების დასმას.