ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, საპროტესტო დემონსტრაციის მეორე დღეს, საქართველოს პარლამენტმა განუსაზღვრელი დროით აამოქმედა „უსაფრთხოების წითელი დონე“.
ეს ნიშნავს, რომ ამ დანაწესის გაუქმებამდე პარლამენტში არცერთი ჟურნალისტი არ დაიშვება.
პარლამენტის პრესცენტრის განმარტებით, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი ზღუდავს მედიის მუშაობას საკანონმდებლო ორგანოში.
თუმცა წინა შემთხვევებში ძირითადად „ყვითელი დონე“ გამოიყენებოდა, მათ შორის „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო გამოსვლებისას 2024 წლის გაზაფხულზე, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქმედებდა „უსაფრთხოების ყვითელი დონე“, – რაც იმას ნიშნავს რომ პარლამენტში მხოლოდ ტელემედია მუშაობდა.
პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას მრავალსაათიანი საპროტესტო დემონსტრაცია უძღოდა წინ პარლამენტის მიმდებარედ.
28-29 ნოემბერს სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფება „უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე“.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციამ „ოცნების“ ეს გადაწყვეტილება შეადარა 2013 წელს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, – რასაც „ღირსების რევოლუცია“ მოჰყვა.