პარლამენტმა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გააუქმა – 3 ცვლილება კანონში

პარლამენტმა ს საკონსულტაციო ჯგუფი გააუქმა. ცვლილება დაჩქარებული წესით მოხდა და დღეს დეპუტატებმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გაუქმებას გულისხმობს.
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგებოდა. როგორც “ოცნების” კანონპროექტში წერია, ამ ჯგუფის გაუქმების მიზეზი ისაა, რომ ის რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც კანონპროექტისვე მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობითაა გამოწვეული.
გარდა ამისა, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა. ცვლილების მიხედვით, თუ გადაწყვეტილებას მხარი არანაკლებ ორმა მესამედმა არ დაუჭირა, მაშინ საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა გავა და მის მისაღებად მხოლოდ ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს არის ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას.
კიდევ ერთი ცვლილებით, რომელიც კანონში შედის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ პაკეტს, შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.