პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ აირჩია 85 ხმით, 16-ის წინააღმდეგ. „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ის თანამდებობას ხუთი წლით დაიკავებს. ცესკოს წევრებად კი პარლამენტმა აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, კალანდარიშვილის კანდიდატურას, შეთანხმების შესაბამისად, ხმა მისცეს პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრებმა. როგორც დეპუტატმა „გირჩიდან“, სანდრო რაქვიაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, მათი პოლიტიკური ჯგუფის ოთხივე წევრმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურას.
1 აპრილს ცნობილი გახდა „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს შორის კომუნიკაციაზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმების სანაცვლოდ, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დაუჭერდა „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებ კანდიდატურას.
„[შეთანხმება] პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობასაც მივესალმებით, ოღონდ, სხვა ვაჭრობისგან განსხვავებით, ჩვენი ვაჭრობა ყოველთვის ხდება საჯაროდ. ჩვენმა მაყურებელმა კაი ხანია იცის, რომ ჩვენ ეს გავცვალეთ ცესკოს თავმჯდომარის მხარდაჭერაში. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს ჩვენ ისედაც ვუჭერდით მხარს ისე, რომ საერთოდ არაფერში გაგვიცვლია. ახლა მოგვეცა საშუალება, რომ ის, რისთვისაც ვიბრძოდით საკონსტიტუციო სასამართლოში, გამოგვევაჭრებინა ‘ოცნებისგან’“, – თქვა 1 აპრილს იაგო ხვიჩიამ.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა „გირჩის“ მოთხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილა და 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. 29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ დასკვნას. საკითხი პლენარულ სხდომაზე ჯერჯერობით არ განხილულა.
კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო 90 ხმა, თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეგროვდა დეპუტატების მივლინების გამო. განმეორებით კენჭისყრაზე კი 76 ხმა საკმარისი იყო.
რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს, საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა ლევან შენგელიამ 11 აპრილს წევრობა შეიჩერა, რასაც წინ უძღოდა კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ორი წარმომადგენლის ანალოგიური გადაწყვეტილება. გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
20 თებერვალს „საარჩევნო კოდექსში“ დამტკიცებული ცვლილებებით, საპარლამენტო უმრავლესობას შეუნარჩუნდა ბერკეტი, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ხუთწლიანი, სრული ვადით, საბოლოოდ კვლავ 76 ხმით აირჩიოს.
ძალაში დარჩა საარჩევნო კოდექსში მანამდე დამტკიცებული სადავო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, ნაცვლად პრეზიდენტისა.
პარლამენტმა დაძლია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო.