საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. ქალთა კვოტირების გაუქმებას დღევანდელ, 4 აპრილის სხდომაზე, მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო.
ეს იყო ოპოზიციური პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – ძალისხმევით პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში მიიღო.
ამ გადაწყვეტილებით გაუქმდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს ავალდებულებს, საპარლამენტო არჩევნების სიაში სულ მცირე ყოველ მეოთხე ადამიანად ჩაწეროს ქალი.
დღეს მიღებული დოკუმენტი კანონად იქცევა იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და ვეტოს დაადებს კანონპროექტს, დოკუმენტი განსახილველად კვლავ პარლამენტში დაბრუნდება.
„არა ქალების უფლებებს! არა იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით გვქონდა, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ‘ბუტკაშიო’“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 3 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მმართველ პარტიას აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.