პარლამენტმა უზენაესის წევრად სამი ახალი მოსამართლე დაამტკიცა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად სამი ახალი მოსამართლე დაამტკიცა. მათგან ერთი, გიზო უბილავა მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება, დანარჩენი ორი – ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი კი 18 ოქტომბრიდან.
ეს გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმიტომ მიიღო, რომ დღემდე უზენაესში მხოლოდ ერთი მოსამართლის ვაკანსია არსებობდა, დამატებით 2 ვაკანსია კი 18 ოქტომბრიდან გაჩნდება. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოქტომბერში გამოთავისუფლებულ ადგილებზე დასანიშნად წევრები ახლავე შეარჩიეს და დაამტკიცეს.
“საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილია სამი კანდიდატურა. ესენია გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეინრაშვილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთი წევრის თანამდებობა დღეის მდგომარეობით ვაკანტურია, ხოლო ორ თანამდებობაზე ვაკანსიაზე წარმოიშობა 2024 წლის 18 ოქტომბრიდან. [იურიდიულ საკითხთა] კომიტეტმა იმსჯელა ამაზე და დასკვნაში გვთავაზობს, წარმოდგენილ კანდიდატებს კენჭი ეყაროს ანბანურად. ის კანდიდატი, რომელიც პირველი აირჩევა, უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე გამწესდეს დადგენილების მიღებისთანავე ხოლო დანარჩენი ორი კანდიდატი 2024 წლის 18 ოქტომბრიდან”, – განმარტა კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
სხდომას 83 დეპუტატი ესწრებოდა, ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი – ვახტანგ მეგრელიშვილი. გიზო უბილავას მხარი 80-მა მათგანმა დაუჭირა, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს კი 78-78-მა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას გიზო უბილავამ განაცხადა, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში “არავითარი კლანი არ არსებობს”. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის კითხვას, როგორ შეაფასებდა 2012 წლამდე სასამართლოს დამოუკიდებლობას, უბილავამ უპასუხა, რომ სასამართლო 2012 წლამდეც დამოუკიდებელი იყო და ახლაც დამოუკიდებელია. თუმცა, ოხანაშვილის დამაზუსტებელი კითხვების შემდეგ, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ “დღევანდელ დღეს უფრო მეტად დამოუკიდებელია სასამართლო”.
უზენაესის კიდევ ერთი არჩეული წევრი, ბადრი შონია, რომელიც მოვალეობის შესრულებას ოქტომბრიდან შეუდგება, ამბობს, რომ სასამართლოო სისტემის მთავარი გამოწვევა “ხელოვნური დისკრედიტაციაა”. მისი თქმით, ამ ფონზე მეორე პლანზე გადაიწია ყველა დანარჩენმა პრობლემამ, მათ შორის, საქმეთა განხილვის გაჭიანურებამ და ადამიანური რესურსის ნაკლებობამ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი. სწორედ ამდენი ვაკანტური ადგილი იქნება უზენაეს სასამართლოში წლის ბოლოს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც ამჟამად 27 მოსამართლითაა დაკომპლექტებული, 24 მოსამართლე უვადოდაა განწესებული, სამი კი, 10-წლიანი ვადით.
ამ თემაზე წაიკითხეთ: შერჩევის შემდგომ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვერ გადავიდა
ალექსანდრე წულაძემ უზენაესი სასამართლო დატოვა განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის გამო. 2024 წლის ოქტომბერში კი ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს საქმიანობის ვადა ეწურებათ. ზურაბ ძლიერიშვილს უზენაესში საქმიანობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა და კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა, როგორც საბჭოს დადგენილებიდან ირკვევა, კონკურსის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდა.