პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 75 ხმით „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, კანონპროექტით პენიტენციურ კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმში ან საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვას.
„კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი უფლებები შეიძლება შეეზღუდოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII თავით (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ) და XXXVIII თავით (ტერორიზმი) განსაზღვრული დანაშაულების ჩადენისთვის არიან ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი.
ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პირებისთვის შესაბამისი უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან პენიტენციური კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს. შესაბამისი უფლება/უფლებები შეიძლება შეეზღუდოს 3 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ უფლების/უფლებების შეზღუდვა უქმდება.
კანონპროექტი უფლების/უფლებების შეზღუდვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ