საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ოფშორიდან კომპანიების გადმოტანაზე გადასახადები უქმდება. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ცხრა იყო.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო სურს.
· „ევროოპტიმისტების“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მოულოდნელად და დაჩქარებულად წარმოდგენილი კანონპროექტით, „ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები“;
· გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ამ საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება სანქციების მოახლოებამ გაუჩინა.
მმართველ პარტიაში უარყოფენ, რომ ცვლილებები საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო მიიღეს.
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ავტორებადაც მითითებული არიან დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა და გოგი მეშველიანი, პარლამენტში განსახილველად 10 აპრილს დარეგისტრირდა. მისი დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 15 აპრილს მიიღო. ამ დროს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო განხილვა “აგენტების შესახებ” სადავო კანონპროექტისა, რომლის საჭიროებასაც “ქართული ოცნება” მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, რომ გაასხვისებდა რუსეთში კუთვნილ ბიზნესს, რათა საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდა.
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია კანონპროექტს ვეტო დაადოს, თუმცა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, მისი დაძლევა არ გაუჭირდება. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობაში კი 83 დეპუტატია.