პარლამენტმა მძიმე ფინანსურ დანაშაულში მსჯავრებულისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის წესი შეცვალა

“ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მათივე პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულისთვის გასამართლებული პირები ვერასდროს დატოვებენ ქვეყანას, ვიდრე დაზარალებულს ზარალს არ აუნაზღაურებენ.
საბოლოო მოსმენით მიღებული კანონპროექტით, ასეთი პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ჭერი უქმდება.
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 165/7 პრიმა მუხლიდან მისი მეორე და მესამე ნაწილების ამოღება ხდება, რაც მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის 16-წლიან ვადას აწესებს და რომლითაც ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის ვადის გამოანგარიშება ხდება.
შესაბამისად, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, სანამ ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.
ამასთან, სექტემბრის თვეში მიღებული და ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ფინანსურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოდან გასვლა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ეკრძალებათ და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით გამოიყენება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით კი, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად – სასამართლოს განაჩენში მითითების გარეშე.
ფინანსურ დანაშაულებზე გასამართლებული პირის საქართველოდან გასვლის აკრძალვისგან გათავისუფლების საფუძველი იქნება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა ან როდესაც დაზარალებული თავად განაცხადებს უარს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე.
საკანონმდებლო პაკეტი “ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.