პარლამენტმა ლგბტ ადამიანების უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები პირველი მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პირველი მოსმენით, ერთხმად, (78 ხმით) მიიღო.
პროექტი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ – დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება აიკრძალება.
10 ივნისს ინიციირებული კანონპროექტის კენჭისყრა 26 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის წინადადებით, ის ერთი დღით გვიან ჩატარდა. ამის მიზეზად მდინარაძემ სხდომაზე ოპოზიციის არ ყოფნა დაასახელა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს კანონპროექტის შესახებ მათი პოზიცია.
ლგბტ პირთა უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა კი გაურკვეველი დროით გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განამარტა, რომ ოპოზიციას მოუწევს ამ საკითხზე პოზიციის გამოხატვა. მისი თქმით, კენჭისყრა გადაიდება იმ პერიოდისთვის, როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში.
ოპოზიციის დიდ ნაწილს კი პარლამენტში ბოიკოტი სხვა საკითხის გამო აქვს გამოცხადებული. ისინი სხდომებს ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ აღარ ესწრებიან.
26 ივნისს კანონპროექტის განხილვაზე კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრებმა.
საპარლამენტო უმრავლესობა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტთა პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს, რომელიც 3 სექტემბერს იხსნება. პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს იხურება.