პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 დეპუტატმა მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, საკითხი სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
პროექტი სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს აწესრიგებს და სანებართვო პირობების დაზუსტებას უზრუნველყოფს.
მათივე ინფორმაციით, ნებართვების მფლობელთათვის ინტერნეტდომენებისა და ვებგვერდის ოდენობა და მათი ოპერირების წესი ზუსტდება. ამასთან, მათ დაემატათ ვალდებულება საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა-ორგანიზებასთან მიმართებით და ასევე, სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში.
მათივე ცნობით, პროექტით, განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორ პირთათვის და შესაბამის თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირთათვის.