პარლამენტმა თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული ცვლილება დაამტკიცა

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით, 77 ხმით მხარი დაუჭირა.
ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება.
შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული.
ამასთანავე, არ ხდება ზედა ზღვრის კოეფიციენტების ცვლილება.
საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი: საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის.
კანონპროექტით, ცვლილებები ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან. ცვლილებები შედის, ასევე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონებში, რომელიც შეეხება სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის სახელფასო ანაზღაურებას.

ასევე დაგაინტერესებთ