პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლითაც ჯარში გაწვევის წესი ისევ მკაცრდება, მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო.
ცვლილებები შეეხება დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტების სამხედრო სამსახურში გაწვევასა და არასამხედრო, ალტერნატიუ შრომით სამსახურს.
ახალი კანონით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით და ამ პირს სწავლის გამო არ აქვს უცხო ქვეყანაში გამგზავრების ვალდებულება.
რაც შეეხება პირს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სრულად დისტანციური სწავლობს, ის ვერ ისარგებლებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით. კანონი მისთვის დაადგენს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის „მისაღები ფორმით“ გავლის შესაძლებლობას.
კერძოდ, პირი, რომელიც დისტანციური სწავლების გამო სამხედრო სამსახურში გადავადების უფლებით ვერ ისარგებლებს, გაწვევის შემთხვევაში, თავისი შეხედულებისამებრ, უფლებამოსილია აირჩიოს რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამითა და სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები.
დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისთვის ასევე გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვე.
კიდევ ერთი ცვლილება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ კანონში შევიდა. კერძოდ, ცვლილებებით, პირს უფლება ექნება, მისი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ბრძანება), ასევე მის მიმართ ამ კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალური გაცნობიდან 15 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის გავლის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების საფუძველზე.
რამდენიმე თვის წინ მიღებული თავდაცვის კოდექსით, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება ისედაც გაუქმდა და მათთვის ამ შესაძლებლობის ჩანაცვლებას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ითვალისწინებს.
თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი) არსებობს.