პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და საბჭოს აპარატის ლიკვიდაციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით – 85 ხმით, ერთხმად მიიღეს.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, ქვეყნის სრულად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლით მთავრობის აღმასრულებელი ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბაჩიაშვილის თქმით, მთავრობის საქმიანობის განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საბჭოს ცალკე ორგანოდ ფუნქციონირება, მით უფრო, რომ იგი კონსტიტუციურ ორგანოს აღარ წარმოადგენს, აზრს მოკლებულია.
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებს ძირითადად მთავრობის წევრები და პრემიერს დაქვემდებარებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები წარმოადგენენ, რომლებსაც ქვეყნის მართვის პროცესში უწყვეტი კოორდინაცია და თანამიმდევრული თანამშრომლობა ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ.
აქედან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ცალკე უწყებად ფუნქციონირება მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევა და მთავრობამ მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.