საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, დავით ნარმანია და გივი სანიკიძე აირჩია.
დავით ნარმანია პირველი ვადით, 6 წლით, საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრის პოზიციაზე 2017 წელს აირჩია და 2019 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სემეკს. რაც შეეხება გივი სანიკიძეს, იგი პირველი ვადით დაიკავებს სემეკის წევრის პოზიციას.
კომისიის წევრების ვაკანტურ პოზიციებზე, 6 წლით, დავით ნარმანიას და გივი სანიკიძის კანდიდატურები შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ. კანონმდებლობის შესაბამისად, ერთი და იგივე პირი კომისიის წევრის პოზიციაზე შეიძლება აირჩეს ორი ვადით. სემეკის თავმჯდომარე ირჩევა კომისიის წევრების შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით, არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევის რაოდენობა შეზღუდული არ არის.
დავით ნარმანიას პირველი ვადით სემეკის თავმჯდომარეობის პერიოდში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა სხვადასხვა პროექტი გამარტივებული კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, დაინერგა სემეკის თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას.
