ფინანსურ დანაშაულზე გასამართლებულ პირებთან დაკავშირებით მომზადებულ კიდევ ერთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი 15 ოქტომბერს, დაჩქარებული წესით განიხილავს.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონსა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, შემდეგ კი პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში განიხილავს.
საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, სანამ ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.
ამასთან, სექტემბრის თვეში მიღებული და ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ფინანსურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოდან გასვლა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ეკრძალებათ და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით გამოიყენება. პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონის პროექტით კი, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე დაეკისრება.
პარლამენტმა 3 სექტემბერს, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს საქართველოს დატოვებას უზღუდავს და ქვეყნიდან გასვლას 16 წლით უკრძალავს.
მსჯავრდებულს, რომელსაც ზიანის ანაზღაურება ეკისრება, ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება, ხოლო მას და მის ოჯახის წევრებს ქონება, შესაძლოა, ჩამოერთვას და დაზარალებულის სასარგებლოდ მიექცეს.
ამავე კანონით, მსჯავრდებულს, სანამ ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ფლობა ეკრძალება; ასეთი პირისთვის ფულის ან ქონების გადაცემა ცალკე დანაშაულად ჩაითვლება და ისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე პატიმრობით.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
