,,პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართველი ხალხის ნებას” – პრემიერის თქმით, ,,რუსულ კანონს” მესამე მოსმენით მიიღებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებს. როგორც ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენა ხოლო ზეგ მიღება მესამე მოსმენით. მისი მტკიცებით, კანონს მხარს მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს.
„საქართველო საპარლამენტო დემოკრატიაა. ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულეს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედია საშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება”,- თქვა კობახიძემ.