15 ოქტომბერს პარლამენტი, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით ცვლილებები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება.
აღნიშნულ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ – ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ ნებისმიერი პარტიის წევრობა აეკრძალებათ და ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა დაუშვებელი იქნება. ასევე, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას და ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.
გარდა ამისა, მოქმედმა პარტიებმა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში არ უნდა გააწევრიანონ და პარტიულ სიებში არ უნდა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.
იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები მათ რიგებში ისეთ პირს მიიღებენ, რომელსაც პარტიის წევრობა აკრძალული აქვს, ეს პარტიის სისხლის სამართლებრივი წესით დაჯარიმებას გამოიწვევს.
