პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს დაუბრუნდა, რომელიც მთელ რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებას და ამ მიმართულებით ახალი სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას ითვალისწინებს

პარლამენტი „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს დაუბრუნდა, რომელიც მთელ რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებას და ამ მიმართულებით ახალი სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა. გორდულაძის ინფორმაციით, მესამე მოსმენის ფარგლებში ცვლილებები ტექნიკური და პროცედურულ- პროცესუალური საკითხების დაზუსტებას შეეხება.
ის თუ რა ფორმით იგეგმება კანონპროექტის კორექტირება მესამე მოსმენის ფარგლებში, ამაზე გორდულაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე არ უსაუბრია. მედიასთან კი განაცხადა, რომ დეტალები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი.
„კანონპროექტის მიზანია, რომ ერთის მხრივ, მოხდეს პრევენცია იმისა, რომ ახალი დანაშაული არ იყოს ჩადენილი და მთავარი – ეს არის ის, რომ დაზარალებულმა კომპენსაცია მიიღოს.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნულს ითვალისწინებს, ეს დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან. ცვლილებებით, სისხლის სამართლის საქმის განხილვის სტადიაზე, სასამართლოს განაჩენშივე იქნება განსაზღვრული იმ პირთა და იმ ქონებების ჩამონათვალი, თუ ვის უნდა ჩამოერთვას ქონება. პირდაპირ იქნება მითითებული დაზარალებულთა ვინაობა, თუ ვის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ქონების ჩამორთმევა.
მესამე მოსმენის ფარგლებში ტექნიკურ-დამაზუსტებელი ცვლილებებიც იქნება და ამავდროულად, გამკაცრების კუთხით, როგორც პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს გაჟღერდა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრ დაზარალებულს შეეხოს, ცვლილებები ამ კუთხითაც იქნება წარდგენილი, რასაც დეტალურად პლენარულ სხდომას გავაცნობთ“, – განაცხადა გორდულაძემ საკომიტეტო სხდომის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა. რეგლამენტის მიხედვითვე, მესამე მოსმენის დროს პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება რედაქციული შენიშვნები მისცენ.