პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის ამოქმედების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან.
ამ მიმართულებით ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის, რომელიც “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.
საკითხზე ხვალ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.
პარლამენტის რეგლამენტი და მთელი რიგი სხვა კანონები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს.
დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი, მაგალითად, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ცვლილება ყველა იმ კანონში აისახება, რომლის მიხედვით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა აქამდე სავალდებულო იყო.
როგორც სახელისუფლო უმრავლესობა განმარტავს, “არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულოობა იმ რეალურ მიზანს ვერ ასრულებს, რასაც კანონმდებლის ნება ემსახურებოდა“.
“ბოლო დროინდელმა ვითარებამ, მათ შორის USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას აფერხებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება. შესაბამისად, ისინი დამფინანსებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან.
მიუხედავად იმისა, რომ NGO-ებს საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მიღება და იდეების შეთავაზება შეუძლიათ, მათმა სავალდებულო ჩართულობამ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაძლოა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას საფრთხე შეუქმნას.
შესაბამისად, ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა – საპროკურორო საბჭოს წევრების, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ცესკოს წევრების არჩევა და სხვა მნიშვნელოვანი საჯარო გადაწყვეტილებები, აუცილებელია სრულად რეალიზდეს ქართველი ხალხის ინტერესები“, – აცხადებენ პროექტის ინიციატორები.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: – მამუკა მდინარაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა.
