პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესს ცვლის. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად აღარ გაიზრდება.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრები. მანამდე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრ რომან გოცირიძესაც ჰქონდა, თუმცა მას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით კი მსგავსი კანონოპროექტი პარლამენტში თავად უმრავლესობის ინიციატივით დარეგისტრირდა.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას, დღეს მოქმედი კანონით, თითქმის 15 წელია, მისი დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება.
როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას და ამის მაგალითად მოჰყავთ ბოლო წლებში მაუწყებლის დაფინანსება.
კერძოდ, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის გამოყოფა.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე – ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით“, – აღნიშნულია კანონოპროექტის განმარტებით ბარათში.
როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, ზოგადად მიზანშეწონილი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ორგანიზაციის ბიუჯეტის მოცულობის პირდაპირ დაკავშირება მთლიან შიდა პროდუქტთან.
„ზოგადად ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი, უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი“,- ვკითხულობთ კანონოპროექტის განმარტებით ბარათში.
წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესი და შემოთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, ის დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.
კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში, არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული გამონაკლისის თანახმად, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით საჭირო იქნება დაფინანსების გაზრდა, ეს შესაძლებელი იქნება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაფინანსება შემცირდება გაზრდილი თანხის ოდენობით.