პარლამენტი – პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, 29 დეკემბერს, სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
მათივე ცნობით, ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად საქართველოს პარლამენტს უნდა მიმართონ – ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არაუმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია.
“ღონისძიების გაშუქების მიზნით პარლამენტის სასახლის რუსთაველის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული) მოეწყობა მედიასივრცე, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ინაუგურაციის მიმდინარეობას და ჩაწერონ რესპონდენტები. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს სიგნალის მიწოდებას ინაუგურაციის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლირებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.