პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასაფ ჰაჯიევმა აღნიშნა PABSEC-ში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებული როლი და სამ ქვეყანას შორის შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ნოემბერში, ბულგარეთში დაგეგმილ PABSEC-ის გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – PABSEC-ის პრეზიდენტი.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარეობას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება და საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობას აქტიურად წარუძღვება.
შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, რაც შუა დერეფნის პოტენციალის რეალიზებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
