ირაკლი კობახიძის დავალებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი განიხილავს „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობისა და პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიისა და სამინისტროების შენობების ჩუღურეთის რაიონში, არსენალის მთაზე გადატანის შესაძლებლობას.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF-მა) 2025 წლის 9 დეკემბერს ტენდერების საიტზე დაწერა, რომ გეგმავს მომსახურების შესყიდვას სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მოსამზადებლად.
ამჟამად MDF-ი დაინტერესებულ კომპანიებს მოუწოდებს, რომ 23 დეკემბრამდე წარმოადგინონ წინადადებები ფასების ცხრილის სახით.
დეტალებში მითითებულია, რომ „მომსახურების მიწოდების საერთო ვადა შეადგენს ოთხ თვეს“.
· ირაკლი კობახიძემ დღეს, 10 დეკემბერს ამ საკითხზე საუბრისას არ გამორიცხა გარკვეული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება.
· ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „საჯარო მოსამსახურეებისვის შრომის პირობები არ არის სათანადო და გვაქვს ასეთი გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, რომ იგივე ფასად შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა“.
„სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა ორთაჭალაში იგეგმებოდა, – რაზეც ხელისუფლება ჯერ კიდევ 2017 წლიდან საუბრობდა. ამჟამად კი სავარაუდო ადგილად არსენალის მთა განიხილება.
MDF-ი განმარტავს, რომ ტერიტორია მდებარეობს ქალაქ თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და საუბარია დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე, ჯამში 77 ჰექტარ ფართობზე.
„საპროექტო არეალზე XX საუკუნის 30-იან წლებამდე განთავსებული იყო სამხედრო ნაწილი, ხოლო სამხედრო არსენალი 2007 წლამდე ფიქსირდება. ტერიტორია ესაზღვრება ძველი თბილისის, დაბალი და საშუალო ინტენსივობის მქონე ისტორიულ განაშენიანებას“, – წერია დოკუმენტში.
ტექნიკურ დავალება ითვალისწინებს, რომ გენ.გეგმასა და ესკიზურ პროექტებში გაითვალისწინონ:
· პარლამენტის შენობა
· მთავრობის ადმინისტრაციის შენობა,
· ღონისძიებების დარბაზი,
· საგარეო საქმეთა სამინისტრო (ამ ოთხივე შემთხვევაში „უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის“ უნდა გაითვალისწინონ ღობე).
· ინფრასტრუქტურის სამინისტრო
· რეგიონული განვითარების სამინისტრო
· დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
· ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,
· გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
· განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
· კულტურის სამინისტრო
· თბილისის მერია
· საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
· შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
MDF-ის დავალებით, „პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული საპროექტო შენობანაგებობისთვის საჭირო საპარკინგე ადგილები, დამხმარე ინფრასტრუქტურა და საინჟინრო კომუნიკაციები“.
ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 4 აგვისტოს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც MDF-ს დაავალა, შეისყიდოს მომსახურება სამთავრობო ქალაქის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.




