პარლამენტი 29 მაისს პლენარულ სხდომაზე ე.წ. “ოფშორების კანონპროექტზე” პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს და მის დაძლევას გეგმავს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კენჭისყრა სამი საათიდან შედგება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, 20 მაისს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარეს და ვეტოს დაძლევას მხარი უკვე დაუჭირეს. პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა: რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა.
პრეზიდენტმა „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით 3 მაისს დაუბრუნა.
საგადასახადო კოდექსში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით მარტივდება ოფშორული ზონებიდან საქართველოში ბიზნესის გადმოტანა.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ყველა ოფშორულ კომპანიას, რომელიც თავის აქტივებს საქართველოში 2028 წლის პირველ იანვრამდე გადმოიტანს.
შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან. ამავე ოპერაციის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება ნებისმიერი აქტივის საქართველოში შემოტანა. აღნიშნულის პირობად კი დასახელებულია ის, რომ ოფშორულ ზონასა და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს (ვისაც გადაეცემა აქტივები ოფშორიდან) ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდეთ.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილის და სხვა მილიარდერების ქონების ოფშორებიდან გადმოტანას ემსახურება.