ამ მანქანების უმეტესობა არის 10 წელზე მეტი, 300 000-ზე მეტი აქვს საშუალო გარბენი, ხარჯი არის დიდი, ამიტომ პარლამენტმა გადავწყვიტეთ, რომ ჩავანაცვლოთ ამორტიზებული ავტომობილები ჰიბრიდული ავტომობილებით“,- ასეთ განმარტებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი განმარტებით, ავტოპარკი მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის განახლდება.
ცნობისთვის, პარლამენტმა გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის ჯამში, 6,7 მლნ ლარის ღირებულების ავტომობილები უნდა შეიძინოს.
„საქართველოს პარლამენტის ავტოპარკი არის საკმაოდ მოძველებული და ამორტიზებული. ძველი ისტორიაც არის, რომ თავის დროზე, 2015 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ჩატარებული კონფერენციის ფარგლებში, შეძენილი მანქანები იქნა პარლამენტისთვის გადმოცემული. ამ მანქანების უმეტესობა არის 10 წელზე მეტი, 300 000-ზე მეტი აქვს საშუალო გარბენი, ხარჯი არის დიდი, ამიტომ პარლამენტმა გადავწყვიტეთ, რომ ჩავანაცვლოთ ამორტიზებული ავტომობილები ჰიბრიდული ავტომობილებით, რომელიც ამავე დროს ნაკლები დატვირთვა ექნება გარემოზე“,- განაცხადა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა.
სატენდერო პირობების მიხედვით, პარლამენტი გეგმავს, რომ I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილები შეიძინოს, ამასთან, ერთი ერთეული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებად განისაზღვრება არაუმეტეს 92,630.00 ლარი, ხოლო 150 000 კმ-ზე ერთეული ავტომანქანის ზღვრული გეგმური მომსახურების ღირებულებად – არაუმეტეს 12,640.50 ლარი.
გარდა ამისა, პირობების თანახმად, ავტომობილები უნდა იყოს იყოს 2024 წლის გამოშვება, (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, განბაჟებული. აუცილებლად უნდა იყოს მარცხენასაჭიანი, ფერი კი – „ნებისმიერი, გარდა შავისა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი 6 712 230 ლარის ავტომობილებს ყიდულობს. გუშინ გამოცხადებულ ტენდერზე, განაცხადების მიღება 13 აგვისტოს სრულდება.