რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული ორ პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
საქართველოს პროკურატურა ორ ბრალდებულ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში ედავება, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე რკინის ნივთის გამოყენებით, პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს”. – წერდა შსს 16 მაისს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოცემა ინტერპრესნიუსის ცნობით, დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს 1000 და 400 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
ონლაინგამოცემა პუბლიკის ცნობით, ადვოკატები ბრალდებულების მიმართ ციხეში მტრულ გარემოსა და ფსიქოლოგიურ წნეხზე მიუთითებენ.
ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება 29 მაისს გაავრცელა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ბრალდებულიდან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში მოთავსებისა და საკანში სესახლების შემდეგ, ოთხი პატიმარი პოლიტიკური შეხედულებების გამო ხშირად კამათობდა მასთან – რის გამოც მან საკნის შეცვლა მოითხოვა.
მეორე დაკავებულმა განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია – მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა.