საქართველოს პარლამენტთან, სადაც 5 პირი შიმშილობს, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მივიდა.
დიპლომატი მოშიმშილეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს გაესაუბრა.
გედევან ფოფხაძის თქმით, დიპლომატმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა.
„გამოგვიცხადა სოლიდარობა, რისი მადლობელი ვართ, იმიტომ რომ დიპლომატიური კორპუსი რომ ასეთ ყურადღებას იჩენს ამ აქციის მიმართ, ეს თავისთავად ჩვენთვის ბევრს ნიშნავს იმიტომ, რომ სწორედ ევროპისთვის ბრძოლის გამო არის, რაც საქართველოში ხდება, ამიტომ მისი სოლიდარობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია. კითხვები იყო თვითონ აქციის თაობაზე და ჩვენ ავუხსენით, რომ უწყვეტი აქცია ისედაც მიმდინარეობდა და დიდი ხანია ხალხი აპროტესტებს იმას, რაც საქართველოში ხდება, პროტესტის ეს ფორმა, რაც დღეს დაემატა, ეს არის განპირობებული იმ რეალობით, რაც ქვეყანაში შეიქმნა. რეჟიმი ხდება სულ უფრო აგრესიული, სულ უფრო გადის სამართლებრივი და პოლიტიკური სივრციდან და ქართველ ხალხს უკარგავს მომავლის იმედს. ეს ყველაფერი ჩვენ ვუთხარით ელჩს. ჩემთან მიმართებით დაინტერესდა, ჩემი ყოფილი კოლეგები თუ დაინტერესდნენ ჩემი მდგომარეობით. სამწუხაროდ, არა, მაგრამ კარგია, რომ ევროპელ დიპლომატებს ესმით, ასეთი სიტუაციის დროს რომ უნდა დაინტერესდეს ყოფილი კოლეგა შენი მდგომარეობით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ. დღეს კი, ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.
