პარლამენტის წევრებმა ემიგრანტები დააჯილდოვეს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიმართა. მისი თქმით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება განსაკუთრებით დიასპორაში მყოფი ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი.
„ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბავშვები, მომავალი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში, ერთ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლონ, ერთად უნდა იყვნენ. იზრდება ის თაობა, რომელიც ქმნის საქართველოს მომავალს, ცხოვრობენ ისინი ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყნებში თუ საქართველოში. ქართული გენი, ქართული ნიჭი და ინტელექტი მძლავრია. ქვეყნისთვის თავდადებული არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს სახელი ჩვენი ქვეყნის გარეთ გააქვთ. პარლამენტისა და საზოგადოების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მ აღნიშნა, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი ემიგრანტი ბრუნდება.
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ჩატარდა საზეიმო ღონისძიება. მუდმივად გვერდში გვიდგას საპატრიარქო და წარმატებული დიასპორელების მიღება უკვე ტრადიციად არის ქცეული. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით, ათეულამდე ოჯახი სამუდამოდ დაბრუნდა საქართველოში. როგორც კონსტიტუციის მეხუთე მუხლში აღვნიშნეთ, საქართველო ელოდება უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიებაზე 7 ქვეყანაში მცხოვრებ 17 წარმატებულ დიასპორელს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ასევე წარმატებული დიასპორელების შესახებ მომზადებული ვიდეო მასალის ჩვენება გაიმართა.
ღონისძიების დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს ა(ა)იპ „დიასპორის სახლის” ხელმძღვანელმა ინა ასანიძემ მიმართა.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილისის მერიის, საკრებულოს, საპატრიარქოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმატებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია წელს მეცხრედ გაიმართა.