პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის წევრებმა რუსთავში, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რუსთავის მერმა მ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.
„ასეულობით ახალგაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეკრებილია რუსთავში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს ერთმანეთს გავუზიაროთ ის საჭიროებები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ახალგაზრდები დგანან. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდობის კარიერულ წინსვლასა და დასაქმებას. ხელისუფლების წარმომადგენლებს გვექნება შესაძლებლობა მოვუყვეთ ახალგაზრდებს ამ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ მოხდეს აზრთა და პოზიციათა გაცვლა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება ფორუმის ფარგლებში განსახილველ თემებზე გაამახვილა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, 2018 წელს დაიწყო და წელს მეოთხედ იმართება. ძალიან მიხარია, ფორუმის ფარგლებში, დატვირთული დღის წესრიგითა და თემებით, გვეძლევა საშუალება ყველა ის საკითხი განვიხილოთ, რომელიც ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
პარლამენტის წევრმა, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა ფორუმის ქალაქ რუსთავში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ფორუმი რუსთავში წელს პირველად ტარდება. რუსთავში ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ახალგაზრდული პროექტი განხორციელდა. პროექტები ყოველთვის ახალგაზრდებთან წინასწარი დისკუსიის საფუძველზე იგეგმება და ორიენტირებულია მათ ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებაზე. ღონისძიების ჩატარების ადგილი – რუსთავის სპორტის სასახლეც მრავალფუნქციურია და სწორედ ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას ემსახურება”, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
ფორუმზე დისკუსიის ფარგლებში განიხილავენ 2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერების, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერების საკითხებს.
ფორუმის ფარგლებში 64-ვე საკრებულოს ახალგაზრდა წევრები კენჭი უყრიან რეზოლუციის პროექტს „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის”. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული სუბიექტებისთვის ძირითად რეკომენდაციებს ახალგაზრდების გაძლიერებისთვის.
ღონისძიებაში ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
2024 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი” თბილისის საკრებულოს, რუსთავის მერიისა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” მხარდაჭერით ტარდება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი” 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა. მისი მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.