პარლამენტის წევრები მარიამ ლაშხი, ვახტანგ თურნავა და გიორგი ჩაკვეტაძე, იტალიის პარლამენტის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ფედერიკო მოლიჩონეს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი, პირველ მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძესთან და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, საქართველო-იტალიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, ვაკო თურნავასთან ერთად, იტალიის პარლამენტის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ფედერიკო მოლიჩონეს შეხვდა.
შეხვედრაზე, ფედერიკო მოლიჩონემ დააფიქსირა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და ახლო მომავალში ქვეყანაში ვიზიტის სურვილი გამოთქვა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას და ქართული კულტურის უნიკალურობას.
განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული მდგომარეობა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, იტალიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონმდებლობის, ისევე როგორც საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კულტურული და საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების საკითხს. აღინიშნა ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდში გამართული საქართველოს კულტურული დღეების დიდი წარმატება. შეთანხმდნენ კულტურული გაცვლითი პროგრამების დაწყებაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არქეოლოგიური მიმართულებით გაცვლით პროგრამას, მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებსა და იტალიური ექსპერტიზის გამოყენებას ქართული უძველესი ხელნაწერების დიგიტალიზაციისთვის.
საუბარი შეეხო კულტურული იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობას თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში. თავმჯდომარე მოლიჩონემ ქართულ მხარეს გაუზიარა გამოცდილება ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის საშუალებით. მხარეები შეთანხმდნენ: კანონმდებლობის გაცვლაზე ოჯახის, განათლებისა და კულტურის დაცვის სფეროში, ევროპული სტანდარტებისა და ეროვნული ღირებულებების ბალანსის საკითხებზე გამოცდილების გაზიარებაზე, ქრისტიანული ღირებულებებისა და ოჯახის ინსტიტუტის დაცვის მექანიზმებზე.
განხილვის საგანი იყო თანამედროვე საინფორმაციო საფრთხეები. მოლიჩონემ ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების, „ფეიკ“-ნიუსებისა და „დიპფეიკის“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ საკანონმდებლო ინიციატივების გაცვლაზე ამ მიმართულებებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აქტიურად აწყდება დეზინფორმაციის კამპანიებს რეგიონში.
შეხვედრაზე აღინიშნა იტალია-საქართველოს საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით, მეგობრობის ჯგუფის ფორმირების აუცილებლობა.
