პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
დაცვის მხარემ დაკავებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატ შოთა თუთბერიძემ საბა მეფარიშვილის ნებისმიერი ოდენობის, თუნდაც, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. ამასთან ადვოკატმა მოსამართლეს განუმარტა, თუკი, ის სხვა ოდენობის თანხას გამოიყენებდა, აღნიშნული თანხის მობილიზებას საზოგადოება შეძლებდა.
რაც შეეხება ოკრიბელაშვილს, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს ადვოკატებმა.
ადვოკატების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.