26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარლამენტში პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა. დარბაზში მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან. ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შედის.
სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათენა, ნაწილი კი იქ დილით მივიდა. პროტესტს უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდანაც.
რადგან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სხდომას არ ესწრება, ის გახსნა უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ. “ქართული ოცნების” დეპუტატებმა უკვე დააკომპლექტეს დროებითი ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისიები. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და პარლამენტს გააცნო 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები.
სხდომას არ ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პარტნიორი ქვეყნების ელჩები. დარბაზშია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 26 ოქტომბრის არჩევნები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სარჩელი საკონსტიტუციოში დარეგისტრირდა, თუმცა გამწესრიგებელი სხდომა ჯერ არ ჩატარებულა. ამის მიუხედავად, კონსტიტუციის მიხევდით, პარლამენტს არ აქვს უფლება ცნოს იმ არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება, რომლის ლეგიტიმაცია საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ჯერ არ განუხილავს.
არაერთი კონსტიტუციონალისტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ამით დაირღვევა კონსტიტუცია. შესაბამისად, პარლამენტის მუშაობა იქნება არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური.